"ოცნება" ავტორიტარულ რეჟიმად იქცა, რომელიც მედიის საბოლოოდ გაჩუმებას ცდილობს - თუთბერიძე
ერთპარტიულ პარლამენტში მედიისთვის ცენზურის დასაწესებლად დაინიცირებულ კანონებს სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი კრიტიკული ტელევიზიების საბოლოოდ გაჩუმების საშუალებად აფასებს.
ქეთი თუთბერიძეს ირონიულად ეჩვენება ის ფაქტი, რომ მედიაპროდუქტის შინაარსი და ჟურნალისტთა ეთიკურობა მამუკა მდინარაძემ და სხვა თვითაღიარებულმა დეპუტატებმა უნდა დაადგინონ.
ეთიკურობას მდინარაძე გვიდგენს. მდინარაძემ გადაწყვიტა, გვასწავლოს, რა არის ობიექტურობა, რა არის მედია და ამაში მას კახა ბექაური დაეხმარება, რომელიც უკრაინის და ლიეტუვის მიერ არის სანქცირებული. ის "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული, აფილირებული პირია. ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ცდილობს, რომ ამით საბოლოოდ გააჩუმოს მედიები. ეს კანონი არის იმისთვის, რომ მაუწყებლობის ლიცენზია რომელ მედიასაც აქვს, ისინი გააჩუმონ. რუსული კანონი არის იმისთვის, რომ ონლაინმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გააჩუმონ". - განაცხადა ქეთი თუთბერიძემ.
"ქართული ოცნება" დამოუკიდებელი მედიისთვის ყველა კარს კეტავს. ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებაში ჟურნალისტებს კამერის ჩართვაც კი ეკრძალებათ. ახალი რეპრესიული კანონის მიხედვით, მედია ვერ გააშუქებს პროტესტს, რომელიც უნივერსიტეტებშია.
იკრძალება პოლიციის შენობებში კითხვის დასმა და მასალის გადაღება, ასევე რომელიმე მაღალჩინოსანთან მისვლა და კითხვის დასმა. ეს ყველაფერი შესაძლებელი მხოლოდ უწყებების კეთილი ნების შემთხვევაში იქნება.
"ტვ პირველის" მაყურებელი ყოველ დღიურად ხედავს, როგორ გაურბიან კრიტიკულ კითხვებს პოლიტიკოსები, მოსამართლეები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ჟურნალისტური გამოძიებებით არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი, როგორ არიან დასაქმებული საჯარო უწყებებში "ოცნების" პარტიული აქტივი, ისე რომ სამსახურებში არ დადიან. საზოგადოებას მიეწოდება ამბები იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც ქუჩაში თუ უნივერსიტეტებშია. როგორც ჩანს, "ოცნებას" სურს, რომ საზოგადოებამდე სიმართლე არ მივიდეს.