მზია ამაღლობელის საქმე - ბათუმის სასამართლოში დასანქცირებული პოლიციელი მივიდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელის პროცესი უნდა დაიწყოს, ცრუ ჩვენებაში მხილებული პოლიციელი გოჩა ვანაძე მივიდა.
ვანაძე, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძის მოადგილეა, ერთ-ერთია, ვინ გუშინ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვდა.
- გოჩა ვანაძე, დიდი ალბათობით, სანქციების სიაში უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოხვდა.
"პირველებმა"ირაკლი დგებუაძის მოადგილეს სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, თუმცა გოჩა ვანაძემ არცერთ კითხვას არ უპასუხა.
- სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადაც"ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დაკავებული დირექტორის მეგობრების და მხარდამჭერები სოლიდარობის აქციას მართავენ, სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა.
დღეს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
- "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მეორე თვეა უკანონო პატიმრობაშია. ჟურნალისტი 38 დღე შიმშილობდა.
- მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედგეად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა.
- სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.