მზია ამაღლობელი რეჟიმისთვის სავაჭროდ ყველაზე მსუყე მძევალია, ამიტომ, არ მგონია, რომ მას დღეს გაათავისუფლებენ - მთივლიშვილი

04.03.25 13:40
მზია ამაღლობელი რეჟიმისთვის სავაჭროდ ყველაზე მსუყე მძევალია, ამიტომ, არ მგონია, რომ მას დღეს გაათავისუფლებენ - მთივლიშვილი

 

 

მზია ამაღლობელის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე უკვე იმყოფებიან "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორის კოლეგები და ახლობლები, რომლებიც ჟურნალისტის მხარდამჭერ აქციას მართავენ. 

"მთის ამბების" რედაქტორს, გელა მთივლიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს რეჟიმი მზია ამაღლობელს გაათავისუფლებს, რადგან, მისი თქმით, "ამაღლობელი ყველაზე მსუყე მძევალია რეჟიმისთვის სავაჭროდ".

ასევე მთივლიშვილისთვის საგულისხმოა, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა - ნინო სახელაშვილის ნაცვლად საქმეს ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. 

დეკემბერში გაუმწესებით ეს მოსამართლე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მემგონი პირველია მის სამოსამართლო პრაქტიკაში. მე არ მგონია, რომ დღეს მზიას გაათავისუფლებენ, იმიტომ, რომ მზია არის მძველებს შორის ყველაზე მსუყე მძევალი რეჟიმისთვის სავაჭრო. ეს ყველაფერი არის ფორმალური, ისინი ასრულებენ ივანიშვილის რეჟიმის დავალებას და მე პირადად, არ მაქვს არანაირი მოლოდინი მზიას გათავისუფლების", - ამბობს გელა მთივლიშვილი. 

დღეს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.

ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

  • "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მეორე თვეა უკანონო პატიმრობაშია. ჟურნალისტი 38 დღე შიმშილობდა.
  • მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედგეად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.