მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს - ვინ განიხილავს ჟურნალისტის საქმეს?

04.03.25 14:01
მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს - ვინ განიხილავს ჟურნალისტის საქმეს?

"პირველების" ინფრომაციით, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს - "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორის პროცესი სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე იმყოფებიან მზია ამაღლობელის კოლეგები და ახლობლები. ისმის შეძახილები "ცეცხლი ოლიგარქიას", "თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს". 

  • აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. საქმეს ნინო სახელაშვილის ნაცვლად 39 წლის ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ამაღლობელის კოლეგები და ახლობლები ამბობენ, რომ ახალ მოსამართლეზე ინფორმაციას არ ფლობენ და აქამდე მასზე არაფერი სმენიათ. მათი თქმით, ვიქტორ მეტრეველის სახელზე აქამდე არცერთი განხილული საქმე არ იძებნება. 

საჯარო ინფორმაცია ვიქტორ მეტრეველის შესახებ: 

  • ირკვევა, რომ მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე პოსტზე 2024 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა. (საკვალიფიკაციო გამოცდა 2023 წელს ჩააბარა).
  • იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორი. 2014-დან 2023 წლამდე სისხლს სამართლის კოლეგაში მოსამართლის თანაშემწე იყო. იმუშავა მწერალთანაშემწედ. 
  • რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს,  აქ მზია ამაღლობეის ახალი მოსამართლე ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა და მთავარი კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა, იყო მოსამართლის თანაშემწე.

დღეს, წინასასამართლო სხდომაზე სწორედ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.

ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

  • "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორი მეორე თვეა უკანონო პატიმრობაშია. ჟურნალისტი 38 დღე შიმშილობდა.
  • მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედგეად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გევრდზე ატვირთული ავტობიოგრაფია ვრცლად ნახეთ აქ