მოსამართლე მოულოდნელად შვებულებიდან დაბრუნდა და გიორგი ჩიკვაიძის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო - რას ამბობს ბიზნესმენი

04.03.25 15:47
მოსამართლე მოულოდნელად შვებულებიდან დაბრუნდა და გიორგი ჩიკვაიძის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო - რას ამბობს ბიზნესმენი

სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო. გახმაურებეული საქმის მოსამართლე, იზა კელენჯერიძე შვებულებიდან მოულოდნელად დაბრუნდა და პროცესები ერთმანეთის მიყოლებით ისე ჩანიშნა, რომ არც ბრალდებული და არც ადვოოკატები არ გააფრთხილა.

იზა კელენჯერიძე საქმის განხილვას დღეს პროკურატურის მტკიცებულებებით აგრძელებს, თუმცა ბიზნესმენი ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ მან საქმის სასწრაფო წესით განხილვის ბრძანება სამართლო კლანისგან მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები საქმეს არ დაურთო და ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

  • ჩიკვაიძემ წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ ჰქონდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც მისი განმარტებით, მუქარის შემცველი გზავნილები ისმოდა.

ჩიკვაიძე პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლე პროკურატურასთან არის ალიანსში.

როგორც ნახეთ, მოსამართლეს ერთი წუთიც არ სჭირდება, რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არც ახსნა რის გამო, უბრალოდ, გამოაცხადა, რომ ეს თავიდანვე გაგეკეთებინათ. როგორ უნდა გაგვეკეთებინა, როცა ეს საქმეში ახალი მტკიცებულებებია, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ამ საქმის ობიექტურობის დადგენისთვის.

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ იზა კელენჯერიძე, რომელიც სანქციების კანდიდატია და ეს გარდაუვალია, ის ალიანსში მოქმედებს პროკურატურასთან ამ შეკერილ საქმეში, ამიტომ, ახლა რომ გითხრათ, რომ ძალიან გამიკვირდა მისი უარი ამ შუამდგომლობებზე, ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ყვლაფერი აქ, სასამართლოზე დავაფიქსიროთ, იმიტომ, რომ ჩვენი საქმე როგორც კი სტრასბურგში მოხვდება, რომ ეს ყველა ფაქტორი უკვე ძალია ნათლად ასახავს იმას, რომ ეს კონკრეტული მოსამართლე არის ალიანსში პროკურატურასთან და ისინი მოქმედებენ ერთად. მთელი ჩვენი პროცესი, რომ დააკვირდეთ არის ერთი დიდი ნინიას ბაღი. როგორც უნდათ და რასაც უნდათ, ისე აკეთებენ, - თქვა ჩიკვაიძემ "პირველებთან" საუბრისას. 
 

გიორგი ჩიკვაიძე "ტვ პირველთან" იმ ზეწოლაზე და მუქარაზე დეტალურად საუბრობს, რომელსაც მასზე გამომძიებელი ახორციელებდა.

საგამოძიებო პროცესში, ფინანსურ პოლიციაში, გიორგი არდაზიშვილის კაბინეტში ჩვენზე მიმდინარეობდა არანორმალური ზეწოლა, სადაც იყო მცდელობა ფიზიკური შეურაცხყოფის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და  პლიუს, ტექსტები იყო, რომ „შენ, ბიჭოო, ხაზარაძის რა ვუქენითო, ბაჩიაშვილი რა ვუქენითო და შენ კაპიტალიც არ გაქვს ჯერ დაგროვილი და წარმოგიდენია, რას გიზამთო?“ ამას ესწრებოდა ბაკურ მოსულიშვილიც, რომელიც მერე არაერთგზის გვიბარებდა იმ შენობაში მისატყუებლად უკანონოდ და როდესაც ვეუბნებოდი, რომ ასეთი რა საბუთები უნდა გადმოგვცე, რომ ჩვენს ადვოკატს ვერ მისცემ, იძახდა, რომ არის საბუთების ნაირსახეობა, რომელსაც ადვოკატს ვერ მივცემო. ასეთი ფენომენი არ არსებობს, - ამბობს ბიზნესმენი.

იზა კელენჯერიემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის საქმეზე პროცესი უკვე ჩანიშნა. სხდომა 16:00 საათზე დაიწყება. 

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

  • 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

„2022 წელს ჩვენ დაგვავალეს ძალიან ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი“, - თქვა ჩიკვაიძემ რამდენიმე თვის წინ.

მისი თქმით, „დავალებაზე“ უარის შემდეგ მასზე ზეწოლა მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოჰყვა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.