ახალი თეორია ამაღლობელის საქმეში - პოლიციელის პატაკში წერია, რომ თითქოს ჟურნალისტი თავდასხმას ტელეფონით ათანხმებდა

04.03.25 17:15
ახალი თეორია ამაღლობელის საქმეში - პოლიციელის პატაკში წერია, რომ თითქოს ჟურნალისტი თავდასხმას ტელეფონით ათანხმებდა

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმმა ახალი აბსურდული ვერსია გამოიგონა -  სხდომათა დარბაზში მისული სანქცირებული პროკურორი ერთ საათზე მეტია ირწმუნება, რომ ჟურნალისტმა დანაშაული წინასწარი განზრახვით ჩაიდინა  - საქმეში დევს დეტექტივის, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელის, ვლადიმერ ჩიტაიას მიერ 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას ტელეფონით აწარმოებდა.

ამ მოტივით ახლა პროკურატურა ჟურნალისტის მობილურის ამოღებას და სავარუდოდ, მასში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას ცდილობს. მოთხოვნას დაცვის მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ადვოკატ, მაია მწარიაშვილის თქმით, როკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მზია ამაღლობელის ტელეფონის შესწავლის აუცილებლობის შესახებ არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლომ ის არ უნდა დააკმაყოფილოს.

„რატომ გავამახვილეთ ყურადღება და რატომ ვშუამდგომლობთ სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით და არა იმიტომ, რომ ამ ტელეფონში აღმოჩნდება რაღაც გაუგებარი ინსტრუქციები, რაც ოდნავი საღი აზრის პირობებშიც არ შეიძლება ამის ვარაუდი გააჩნდეს. ამ დეტექტივ ჩიტაიას გონება გაუნათდა 15 თებერვალს და მან დაინახა სადღაც, რომელიღაც სიზმარში, რომ შესაძლოა, ქალბატონ მზიას მიეღო ინსტრუქციები თავდასხმასთან დაკავშირებით. ეს არის მთელი ამ საქმის ამბავი. ამის შესაბამისად გამოკითხა ის გამომძიებელმა და პროკურორმა შოთა ჩხაიძემ აიღო ორი დოკუმენტი [პატაკი და გამოკითხვის ოქმი], ვითომ ესაა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლოს მოსთხოვა განჩინება. ჩვენ ვციტირებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლო იდენტურ გარემოებებზე მსჯელობს და ამბობს, რომ სერიოზულიც კი არ არის ამაზე მსჯელობა, ის რაც პატაკში წერია – ეფემერული და აბსოლუტურად ზოგადი, თითქოს, დამესიზმა, რომ ის იღებდა ინსტრუქციებს, მაგრამ სიზმარში არ მახსოვს, ვინ მეუბნებოდა ამასო – ამაზე სასამართლო ამბობს, როდესაც ეს პატაკი ასახულია გამოკითხვის ოქმში, ეს სერიოზული არაა. ასეთი პოლიციელები ყოვლთვის იქნებიან, ვინც დაწერენ ასეთ პატაკს და ასეთი პროკურორებიც ყოველთვის იქნებიან რომლებიც გამოკითხავენ მერე მათ და იტყვის, რომ აქვს გარემოებების ერთობლიობა და ყოველთვის აღმოჩნდება მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ ის, რაც სინამდვილეში ერთია და თან დაუშვებელია, თურმე ბევრი მტკიცებულება არისო“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატ ჯუბა ქათამაძის თქმით კი, დაცვის მხარე შუამდგომლობს, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

  • დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას გამოკითხვის ოქმი; დადგენილება საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; შუამდგომლობა ტელეფონიდან ინფრომაციის გამოთხოვის თაობაზე; […] ბრალდების მოწმეების სიიდან ამოღებულ იქნას დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია.

ადვოკატის თქმით:

2025 წლის 15 თებერვლის პატაკით გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა, რის შესახებაც მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიცირებდა მისთვის დაუდგენელ პირებთან და აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში. აღნიშნულ  პატაკში მოყვანილი ინფორმაციის საფუძვლიანობას ჩიტაია განმარტავს მხოლოდ იმით, რომ მან მიიღო ასეთი ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში ვლადიმერ ჩიტაია ადასტურებს პატაკით წარმოდგენილ ინფორმაციას. 

ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მოსამართლეს აღნიშნულზე პოზიცია ჯერჯერობით არ გამოუთქვამს.

8 დღიანი შიმშილობის შემდგე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა და სავარდოდ დუმილსაც დაარღვევს.

პროცესს ესწრებიან  მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

  • აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. საქმეს ნინო სახელაშვილის ნაცვლად 39 წლის ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ამაღლობელის კოლეგები და ახლობლები ამბობენ, რომ ახალ მოსამართლეზე ინფორმაციას არ ფლობენ და აქამდე მასზე არაფერი სმენიათ. მათი თქმით, ვიქტორ მეტრეველის სახელზე აქამდე არცერთი განხილული საქმე არ იძებნება. 
  • დღეს, წინასასამართლო სხდომაზე სწორედ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.