მზია ამაღლობელის პირველი გამოჩენა 38 დღიანი შიმშილობის შემდეგ და რეჟიმის ახალი შეთქმულების თეორია

04.03.25 20:09
მზია ამაღლობელის პირველი გამოჩენა 38 დღიანი შიმშილობის შემდეგ და რეჟიმის ახალი შეთქმულების თეორია

მზია ამაღლობელი დაკავების და 38 დღიანი შიმშილობის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა. სასამართლო სხდომაზე "ბათუმელების" დირექტორმა თქვა, რომ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მასზე წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება. 

ასე დაიწყო წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეებს საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ საქმე სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა. პროკურატურა სასამართლოსგან ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე წვდომას და ინფორმაციის ამოღებას ითხოვს. ამ მოთხოვნის საფუძველი ბრალდების მხარისთვის საქმეში მოულოდნელად გაჩნდა. დღეს გაირკვა, რომ ამ საქმეში დევს პოლიციელის პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და ამის შესახებ სხვა პირებთან ტელეფონით საუბრობდა. ამ პატაკის არსებობის შესახებ ამ დრომდე საჯაროდ ცნობილი არ იყო და ის საქმეს 15 თებერვალს დაერთო - ამაღლობელის დაკავებიდან 1 თვის შემდეგ. 

ეს პატაკი ოზურგეთის პოლიციის დეტექტივმა ვლადიმერ ჩიტაიამ დაწერა. აქ პოლიციელი ისე, რომ არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს, წერს,  თითქოს მზია ამაღლობელმა დაუდგენელი პირისგან ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ინსტრუქცია მიიღო.

დაცვის მხარე ამ პატაკის მტკიცებულებად არდაშვების შუამდგომლობას აყენებს. ადვოკატების არგუმენტები პატაკის შინაარსაც ეხებოდა და უფლებრივ დარღვევებსაც ბრალდებულის ტელეფონზე წვდომის შემთხვევაში. მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, პროკურატურას მობილურზე წვდომა სხვა სახის ინფორმაციის მიღებისთვის უნდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.