ახალი დეტალები ნინოშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლაზე - დაკავებულია 2 პირი
ნინოშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას 2 მოქალაქე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, რის შემდეგაც ისინი მანქანით 2 პოლიციელს დაეჯახნენ, რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები, რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, “ტვ პირველმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა.