სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე შიმშილობს
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე, რომლის პროცესი დანარჩენ 10 პირთან ერთად ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მეხუთე დღეა შიმშილობს.
როგორც მისი მშობელი მაია ლეკვეიშვილი "პირველებთან" ამბობს, ამ პროტესტის საფუძველი გახდა ის, რომ რამდენიმე კვირის წინ მას მოსამართლემ სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის უფლება შეუზღუდა.
სიტყვის თქმის უფლება არ მისცა მოსამართლემ, მაშინ ძალიან განიცადა და ამბობს, მე სიტყვა მაქვს დაწერილი და მინდა ჩემი სიტყვა ვთქვაო და არ მაძლევენ სიტყვის თქმის უფლებასო, ამიტომ პროტესტის ნიშნად ვიწყებ შიმშილობასო. სთხოვეს ამხანაგებმა, მეგობრებმა, ციხის უფროსმაც სთხოვა, თუმცა არაო, უნდა ვიშიმშილოო და სასამართლოზე მოვალ ნაშიმშილარიო. აქვს მომზადებული სიტყვა და უნდა რომ დღეს თქვას", - ამბობს მაია ლეკვეიშვილი.
- შეგახსენებთ, რომ სიტყვა "დიქტატორის" ხსენების გამო სასამართლო დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს სინდისის პატიმარი, რომელსაც გომელაურის რაზმი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. სანქცირებულმა მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა, ბრალდებულს სიტყვა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც რევაზ კიკნაძემ წიგნ „ვაცის ნადიმში" მოყვანილი ფრაზებით დაიწყო საუბარი.
- მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა, ცეცხლი ოლიგარქიას - ამ სიტყვების სკანდირებით დატოვა რეჟიმის პატიმარმა დარბაზი.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეს მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძე განიხილავს.