სინდისის პატიმრების პროცესი - სხდომაზე ადვოკატებმა სანქცირებული პროკურორის აცილება მოითხოვეს
სინდისის პატიმრების პროცესი - სხდომაზე, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა სანქცირებული პროკურორის, ვაჟა თოდუას აცილება მოითხოვა.
- მიგინეიშვილმა თქვა,რომ რამდენიმე დღის წინ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცავები დაასანქცირეს, სწორედ მათ შორის არის პროკურორი ვაჟა თოდუა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროკურორების მიმართ სანქციები გამოწვეულია პატიმრების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევით წარმოების გამო, რის გამოც, ის უნდა აცილებულიყო.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც ვაჟა თოდუამ აღნიშნა, სანქცირება მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და აცილებასთან კავშირში არაა.
რეზო კიკნაძის ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა კი საქმის მეორე პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. ის დასანქცირებული არ არის, თუმცა, ადვოკატის თქმით, ის „კანდიდატია“.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორების - ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უცხო სახელმწიფოს მიერ, მოქმედი საჯარო მოსამსახურეების სანქცირებულთა სიაში შეყვანა პროკურორების აცილების საფუძველი ვერ გახდება.
ამასთან, მოსამართლის თქმით, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა პროკურორების სანქცირება, არც ესაა ცნობილი და ბუნდოვანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.