შსს-ს პირველი განცხადება 30 საათის შემდეგ - როგორ გადაკვეთა გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი
როგორ გადაკვეთა გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი - შსს პირველ განცხადებას 30 საათის შემდეგ ავრცელებს.
გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, გ.ბ.-ს მიერ, სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა - დაკავების მიზნით.
ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა", - წერია განცხადებაში.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება.
- 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
- ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.