97 მედია-ორგანიზაცია და 242 ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

05.03.25 18:18
97 მედია-ორგანიზაცია და 242 ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), რომელიც დამოუკიდებელი მედიების გლობალური ქსელია, განცხადებას ავრცელებს და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ქსელი შეშფოთებას გამოხატავს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელმაც მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. 

განცხადებას ხელს ამ დროისთვის აწერს 97 ორგანიზაცია და 242 ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან.

„ხელისმომწერი ჟურნალისტები, რედაქციები, პრესის თავისუფლების ადვოკატები, ადამიანის უფლებათა მცველები და მედია-ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც, იანვარში დაკავების დღიდან, 5 კვირა შიმშილობდა.

18 თებერვალს მზია ამაღლობელმა შეწყვიტა შიმშილობა მას შემდეგ, რაც ექიმებმა გააფრთხილეს, რომ მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ მზიას ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება ჯანმრთელობის აღსადგენად და მისი ციხეში დატოვება დაუშვებელია.

„მზია დამფუძნებელი და დირექტორია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთისა“, საქართველოს ორი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ახალი ამბების პორტალებისა, რომლებიც აშუქებენ კორუფციას, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ფაქტებს. მთელი თავისი კარიერის მანძილზე, მზია ამაღლობელი იჩენდა სამაგალითო სიმამაცეს და სიმტკიცეს დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებების დაცვაში.

მისი დაკავება ნაწილია დემოკრატიული პროტესტის სასტიკი ჩახშობის მცდელობებისა და გახშირებული თავდასხმებისა დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე საქართველოში“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა, განცხადებაზე ხელმომწერები ითხოვენ, რომ მოეხსნას მას შეუსაბამო ბრალი და დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე.

„ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ მისი კოლეგების, ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის გვერდით საქართველოში“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელზე ხელმოწერაც შესაძლებელია ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინდელ პროცესზე გამოაცხადა.   

მსგავსი სიახლეები