გიორგი ბაჩიაშვილს პროცესზე დისტანციურად არ რთავენ - მოსამართლე გელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

06.03.25 10:36
გიორგი ბაჩიაშვილს პროცესზე დისტანციურად არ რთავენ - მოსამართლე გელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესზე დისტანციურად არ რთავენ - მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორი ამტკიცებდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესზე დისტანციურად ჩართვა არასწორი იყო.

სადრაძე ირწმუნებოდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა ბრალდებულს დისტანციურად რთავენ პროცესში, ადგილის მითითება არის აუცილებელი.

რადგან ეს შეუძლებელია, ასევე ბაჩიაშვილი არის ძებნილი რომელიც მართმსაჯულებას ემალება, მისი ჩართვა დისტანციურად პროცესში არასწორი", - თქვა სადრაძემ. 

როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა სხდომის დაწყების წინ განაცხადა, სასამართლოზე დისტანციურად ჩართვა კანონით არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ადგილმდებარეობა უცნობია, ტექნიკურად პრობლემა ვერ იქნება, რადგან ეს ელექტრონულად მოხდება. მოსამართლე ვალდებულია ჩვენს მიერ წაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს, გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურად გამოკითხვასთან დაკავშირებით, რადგან ეს კანონით არის გათვალისწინებული და თან გვქონია პრეცედენტები, როდესაც გამოსაკითხმა პირებმა სასამართლოს ჩვენება ონლაინ რეჟიმში მისცეს", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა. 

დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ბაჩიაშვილის დისტანციურად დაკითხვის და მისი გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ლევან მახარაშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, რის საფუძვლადაც მოსამართლის ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვები დაასახელა. როგორც ის აღნიშნავდა, „ბრალდებულს შიში ჰქონდა, რომ სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისი უფლებების დაცვას“. 

ამასთან, ადვოკატის თქმით, პროცესის საჯაროობაც რიგ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მნიშვნელოვან მოწმეებზე სხდომები დაიხურა.

მოსამართლე გელაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

  • შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგნეს. ბაჩიაშვილს  „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სამსახურებროვი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან.

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. 

ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი სიახლეები