ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ სინდისის 5 პატიმარი ვერდიქტის მოლოდინში - რა ხდება სასამართლოში
ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ სინდისის 5 პატიმარი ვერდიქტის მოლოდინში - თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი და პროცესის დაწყებას ელოდებიან.
საქმე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა უნდა განიხილოს, რომელიც ამ წუთებში, სხვა პროცესზე იმყოფება. სწორედ მას ელოდებიან მხარეები და სასამართლოში შეკრებილი გულშემატკივრები. სწორედ მგელიაშვილმა უნდა გადასინჯოს 8 დაკავებულის პატიმრობა.
დაკავებულების ადვოკატები დღევანდელ სასამართლოზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.
იქნება შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ასევე ის, რომ აღკვეთი ღონისძიება, როგორც პატიმრობა, უნდა გაუქმდეს. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ვეფხია კასრაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. არსებობს ერთადერთი ვიდეომასალა, რომელიც არის ტელეკომპანია იმედის Facebook-ის გვერდიდან აღებული, რომელიც არ არის ავთენტური. ამის ექსპერტიზა თვითონ პროკურატურას არ აქვს დანიშნული.
რა თქმა უნდა, ის, რომ ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი დაყვება და ხალხი ისჯება იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულება აქვს და აქციაზე იყვნენ, მოლოდინი ამ მიმართულებით არ გვაქვს. თუმცა სამართლებრივად არანაირი საფუძველი არსებობს, რომ დღემდე პატიმრობაში იყვნენ არსებული პირები". - განაცხადა ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემ.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ. ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ სასამართლო ივანიშვილს და რეჟიმის სურვილებს ემსახურება.
მოლოდინი არის ნულოვანი, ამავდროულად, ნდობა ამ სასამართლოების არის ნულოვანი. გუშინაც და წინა დღეებშიც ჩატარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ აზრი არ აქვს ამათთვის არანაირ მტკიცებულებას, დასაბუთებულ ვარაუდს, არგუმენტაციას. ისინი არაფერს ითვალისწინებენ. ემსახურებიან ოლიგარქის და მისი რეჟიმის სურვილებს, რომ ჩაახშონ პროტესტი და რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეთ აღნიშნული პირები პატიმრობაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პატიმრობაში დატოვებენ". - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.