Amnesty International მზია ამაღლობელზე: ჩანაწერში რასაც ვხედავთ, [პოლიციელის] შეურაცხყოფაა
Amnesty International-ის რეგიონული დირექტორი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მიზანში მიზანმიმართულად იღებს.
„ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა Amnesty International-ის წარმომადგენელს ჰკითხა, რას აჩვენებს მზია ამაღლობელის საქმე და მისი ციხეში დატოვება მაშინ, როცა ძალადობაში მხილებული სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
კრიშოევი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის გისოსებს მიღმა გამოკეტვა ადასტურებს იმას, რომ "ოცნებას" განზრახული აქვს ყველას აჩვენოს, თუ რა სისასტიკით მოექცევა ნებისმიერ პროტესტს".
მისივე თქმით, ჩანაწერში რასაც ვხედავთ, [პოლიციელის] შეურაცხყოფაა და არა თავდასხმა, როგორც ამას რეჟიმი ამტკიცებს.
„ეს იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ნამდვილად განზრახული აქვს ყველას აჩვენოს თუ რა სისასტიკით მოექცევა ნებისმიერ პროტესტს. ეს კომპლექსური საქმეა. ჩანაწერში რასაც ვხედავთ, [პოლიციელის] შეურაცხყოფაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კონტექსტსაც, რა ხდება. ჩვენ ვხედავთ რა ადვილად აკავებენ ამ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, არაფრის გამო, პოსტერის გაკვრისთვის, შემდეგ მას სვამენ გისოსებს მიღმა ძალიან ნაჩქარევი პროცესის შედეგად, როგორც საშიშ კრიმინალს. იმ გარემოებებში, როცა, როგორც გვესმის და ვხედავთ სხვა დემონსტრანტების გამოცდილებით, ხალხს უფრო სერიოზული დანაშაულისთვის გამოძიების პერიოდში არ აკავებენ.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მას მკაცრად და უხეშად ექცევიან, პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებით, როგორც გზავნილს ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ქუჩებში პროტესტს შეუერთდეს“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინდელ პროცესზე გამოაცხადა.