რეჟიმის კიდევ ერთი საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ - ბათუმის საქალაქოში სხდომა იწყება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია ამაღლობელის საქმის განსახილველად ემზადება. დღევანდელ პროცესზე გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე უნდა იმსჯელონ.
რეჟიმი ჟურნალისტს აქციაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრას ედავება. მზია ამაღლობელი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება, თუმცა ის დღევანდელ პროცესში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს.
მისი ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება არასწორ მტკიცებულებებს და ყალბ ოქმებს ემყარება. ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმი გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს.
დღეს არის მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საქმე. მის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ე.წ. სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით, რაც ასევე ემყარება არასწორ მტკიცებულებებს და არასწორ ოქმებს, მათ შორის იგულისხმება დაკავების ოქმი, სამართალდარღვევის ოქმი. ეს ორივე დოკუმენტი არის გაყალბებული მონაცემების შემცველი. ჩვენ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რასაც ედავებიან ის. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ამ ნაწილში ის პასუხისგებაში იყოს მიცემული. ეს საქმე კავშირშია სისხლის სამართლის საქმესთან. გუშინწინ ჩატარდა სხდომა და საფუძვლის გარეშე სასამართლომ კიდევ დატოვა პატიმრობაში. ყველაფერი ეს აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება, რომ მზია სანიმუშოდ დაისაჯოს". - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
დღევანდელ სასამართლო სხდომას დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა სისხლის სამართლის საქმეზე მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორს რეჟიმი აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება.
- დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა.
- სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.