მზია ამაღლობელის ადვოკატები გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის დაკითხვას ითხოვენ

06.03.25 16:51
მზია ამაღლობელის ადვოკატები გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის დაკითხვას ითხოვენ

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში - ჟურნალისტის უფლებადამცველები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, სანქცირებული გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის, ასევე შავ სიაში შეყვანილი ირაკლი დგებუაძის დაკითხვას ითხოვენ. 

მიზეზი სამართალდამცველთა მიერ ოქმის შესაძლო გაყალბებაა. დაცვის მხარის განმარტებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება არასწორ მტკიცებულებებს ემყარება. ადვოკატების თქმით, დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმი გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს. 

ამასთან, ადვოკატები მოითხოვენ, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთლიანი შემადგენლობა სრულიად იყოს ჩამოშორებული მზია ამაღლობელის საქმეს. 

ამ საქმეში წარმოდგენილია გრიგოლ ბესელიას რწმუნებული. ამ საქმეს აქვს კავშირი სისხლის სამართლის ბრალდების საკითხთან. ასევე აქვს კავშირი იმ საქმესთან, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების ეტაპზეა და დაკავშირებულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან, სადაც ჩვენ მიერ მხილებულია ირაკლი დგებუაძე, როგორც უშუალოდ ის პირი, რომელიც არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა.

ასევე ამ საქმეში უშუალოდ დამკავებელი პოლიციელი გრიგოლ ბესელიაა, თუმცა ოქმში სხვა პირია მითითებული დამკავებელ პოლიციელად და ეს გარემოებები ობიექტურად ხსნის სურათს, რომ მთლიანად აჭარის პოლიცია, სამმართველოები არიან დაინტერესებული მხარე ამ საქმეში, რომ მზია ამაღლობელი გამტყუვნდეს. ისინი დაინტერესებული არიან არა როგორც ობიექტურად შს სამინისტროს შესაბამისი უწყება, რომელიც სამართალდარღვევაზე რეაგირებს, არამედ პირადი დაინტერესება აქვთ ამ საქმეში, რადგან მათ წინააღმდეგ ჩვენ სისხლის სამართლის დევნის მოთხოვნით გვაქვს მიმართვები დაფიქსირებული როგორც პროკურატურაში ოქმის გაყალბების ნაწილზე, ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ირაკლი დგებუაძის მიერ არასათანადო მოპყრობის საქმეზე.

შესაბამისად, აჭარის პოლიცია ვერ იქნება ობიექტურად მიუკერძოებელი ბრალდების მხარე ამ საქმეში. შესაბამისად, ისინი არ უნდა წარმოადგენდნენ ამ სამართალდარღვევის საქმეს. შუამდგომლობაა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთლიანი შემადგენლობა სრულიად იყოს ჩამოშორებული ამ საქმეს". - განაცხადა ადვოკატმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობენ. რეჟიმი ჟურნალისტს აქციაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრას ედავება. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა სისხლის სამართლის საქმეზე მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორს რეჟიმი აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება. 

  • დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები