"მოსამართლეს მივმართავ, როგორც დედა..." - რა ხდება სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესზე
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მგელიაშვილი სინდისის 8 პატიმრისს საქმეზე? - საქალაქო სასამართლოში ახლა მსჯელობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მიდის. პროკურატურა რეჟიმის ტყვეების პატიმრობაში დატოვებას, ადვოკატები კი მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ მათი ოჯახის წევრებიც.
იმედი მაქვს ამ მოსამართლის. რატო არ ვიცი. პროკურორებს მივმართავს, სახლში ხომ ჰყავთ შვილები, როგორ შეიძლება, ამხელა ცოდვით დამძიმებულებმა ატარონ ეს ცოდვა და 19-20 წლის ბავშვები გაწირო 9 წლისთვის ისე, რომ სირცხვილის გრძნობაც კი არ გაგაჩნდეს. მოსამართლეს მივმართავ, როგორც დედა, მიიღოს ეს მტკიცებულებები და ფაქტებად დაურთოს საქმეს", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ვიდეომასალების დაუშვებლობაზე დააყენეს შუამდგომლობა. მათი თქმით, ვიდეომასალა კანონდარღვევით არის მოპოვებული, არ გააჩნია იურიდიული ძალა და რომც გააჩნდეს, ამ ვიდეოთი ჯგუფური ძალადობის ჩადენის ფაქტი ვერ დგინდება.
ასევე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა აღკვეთი ღონისძიების ელექტრონული სამაჯურით შეცვლასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა. გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს 30 000 ლარიანი გირაოც შესთავაზა.
- ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.