მზია ამაღლობელის პროცესი გადაიდო

06.03.25 17:27
მზია ამაღლობელის პროცესი გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გადაიდო - მომდევნო სხდომა 13 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. 

ცნობისთვის, დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელეს. რეჟიმი ჟურნალისტს აქციაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრას ედავება. 

იქამდე კი, სანამ სხდომა გადაიდებოდა დაცვის მხარემ ნათესაური კავშირის გამო, მოსამართლის, სალიხ შაინიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლესთან ნათესაური კავშირი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმაც და თავად მოსამართლემაც დაადასტურა, თუმცა სალიხ შაინიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა იყო ის, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სანქცირებული გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი, ასევე შავ სიაში შეყვანილი ირაკლი დგებუაძე დაკითხულიყო. 

მოცემული შუამდგომლობის დაყენების მიზეზი სამართალდამცველთა მიერ ოქმის შესაძლო გაყალბებაა. დაცვის მხარის განმარტებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება არასწორ მტკიცებულებებს ემყარება. ადვოკატების თქმით, დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმი გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს. 

ამასთან, ადვოკატები მოითხოვენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთლიანი შემადგენლობა სრულიად იყოს ჩამოშორებული მზია ამაღლობელის საქმეს. 

მოცემული შუამდგომლობები დაკმაყოფილდება თუ არა, ცნობილი მომდევნო სასამართლო სხდომაზე გახდება. 

შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გარდა, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსითაც წარუდგინეს. გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორს რეჟიმი აჭარის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება. 

  • დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები