გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ბიზნესმენ, გიორგი ბაჩიაშვილისთვის, საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა პირი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ -წერია ინფორმაციაში.
შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
- 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
- ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.