ირაკლი პაპიაშვილი: მტკიცებულებები საზღვრებს გარეთ არის გატანილი

11.03.25 14:11
ირაკლი პაპიაშვილი: მტკიცებულებები საზღვრებს გარეთ არის გატანილი

ვერსად ვერაფერს ნახავენ, ტვინშიც რომ შეძვრნენ, იქაც ვერ ამოიკითხავენ იმას, რომ ჩვენ რამეს ვაპირებდით, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი პაპიაშვილმა პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ სასამართლოში განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს ელოდა რომ მასაც დააკავენ, ამიტომაც ტელეფონიც კი არ ჰქონია თან. 

პაპიაშვილმა პროკურატურის მიერ გავრცელებულ თეორიაზეც ისაუბრა, რომ პაპიაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ. პაპიაშვილი უწყებას მოუწოდებს, მტკიცებულებები წარმოადგინოს.

„ჩატარდა ჩხრეკა, ყოველგვარი გართულების გარეშე. ერთადერთი სიგარეტი მიდევს ჯიბეში, სხვა არაფერი. აღნიშნეს, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო მე არ მქონდა.

[ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი] სახლში კი არა, საქართველოშიც არ გვაქვს. შეუძლიათ საზღვრებს გარეთ ჩაატარონ ჩხრეკა და სადმე იპოვონ. ტელეფონი არ მაქვს. დღეს მე მოვედი სასამართლოში და ველოდი ჩემს დაპატიმრებას, ამიტომ არაფერი წამომიღია, მათ შორის ტელეფონი, გაჩუქებული მაქვს.

რა თქმა უნდა, გიორგის ჰქონდა მტკიცებულებები, არაერთი მტკიცებულება გაასაჯაროვა მან. არის კიდევ რაღაცები, რაც საზღვრებს გარეთ არის გატანილი. ვერაფერს იპოვიან. წარმოდგენა არ მაქვს, ჩემს სახლში დასრულდა თუ არა ჩხრეკა, არა მპასუხობენ ჩემი ოჯახის წევრები. უნდა მივიდე და გავარკვიო. ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი. მე ამ პროცესში არავის ვენდობი.

პროკურატურამ წარმოადგინა შუამდგომლობა, ვითომ მე და გიორგი ვცდილობდით საზღვრის დატოვებას. ეს იყო მხოლოდ შუამდგომლობა. ამას უნდა ახლდეს მტკიცებულება. როგორც პროკურატურამ თქვა პროცესზე, ამ საქმეზე იყო გამოძიება დაწყებული და ჰქონდათ ყველაფერი. თუ გამოძიებას ჰქონდა ყველაფერი, პროკურატურამ ერთი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა და სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს ჩხრეკა, რომ რაღაცები ამოგლიჯონ. იქაც ვერაფერს ნახავენ, ვერსად ვერაფერს ნახავენ. ტვინშიც რომ შეძვრნენ, იქაც ვერ ამოიკითხავენ იმას, რომ ჩვენ რამეს ვაპირებდით. პირველი 6 თვე, როცა გამოძიება დაიწყო, ჩვენ არც საზღვრები გვქონდა ჩაკეტილი, არც არაფერი, არ ვიყავით შეზღუდულები. შეგვეძლო ავმდგარიყავით და წავსულიყავით, სადაც გვინდოდა, მაგრამ გიორგის სიტყვები იყო: „ვიბრძოლებთ ბოლომდე“. ახლა ვიმეორებ გიორგის სიტყვებს - „ვიბრძოლებთ ბოლომდე და ეს რეჟიმი დაემხობა!“ - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

  • ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული, ასევე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ.

 

მსგავსი სიახლეები