"ჩხრეკის შედეგად, მხოლოდ ეს ერთი ლარი დამიტოვეს" - ირაკლი პაპიაშვილი
გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის მანქანიდან ფინანსურმა პოლიციამ ადვოკატისთვის გადასაცემი ჰონორარი - 5000დოლარი და კიდევ 100 ლარი ამოიღო. ირაკლი პაპიაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას მხოლოდ ერთი ლარი დაუტოვეს. ამ წუთებში, ასვეე საგამოძიებო უწყებაში გადაჰყავთ ბიზნესმენის ავტომობილიც.
პაპიაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს.
მე წარმოდგენა მაქვს დაახლოებით, რასაც ეძებენ, მაგრამ მაგ რაღაცებს ვერც მანქანაში და ვერც საქართველოს ტერიტორიაზე მიწაში, ვერც ცაში და ვერც ვერსად ვერ იპოვიან. მქონდა 5000 დოლარი ადვოკატის ანაზღაურება, რაც უნდა გადაგვეცა იურისტისთვის. ასევე ამოიღეს მანქანიდან დაახლოებით 100 ლარი, ჩემი მეგობრის თანხა და დამიტოვეს ეს - ერთი ლარი. ეს ერთი ლარი იქნება, რომლითაც ვიყიდით ძალიან დიდი ბედნიერებას, რომელსაც მთელი საქართველო ერთად იზეიმებს ამათი რუსეთში გამგზავრებით", - განაცხადა პაპიაშვილმა "პირველებთან".
ასევე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ფინანსური პოლიცია საგურამოში გიორგი ჩიკვაიძის სახლს ჩხრეკს.საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ირაკლი პაპიაშვილის სახლში, სანზონაშიც.
- გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.
- ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.