9 წლით პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს, 300 ათას ლარიანი ჯარიმა თემურ ჯანაშიას - ე.წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენი ცნობილია
ე.წ. პიჯაკების საქმე - მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია დამნაშავედ ცნეს.
სასამართლომ მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
„მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის, მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებას, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მან უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები. მას არც პირადად და არც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არ მოუხდენია აღნიშნული საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. შესაბამისად, ის გაფლანგვის თანაამსრულებლად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილსაც გაფლანგვის ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოერიცხოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული. ის იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე. მან კი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის პირადი ხარჯები, რომელიც მას პირადად, თავისი სახსრებიდან უნდა დაეფარა, დაფარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ გზით დაზოგა პირადი სახსრები და ამ გზით გამორჩენა მიიღო. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მლნ ლარზე მეტი ოდენობის თანხით, მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებს მიადგა რეპუტაციული ზიანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის. რაც შეეხება საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს, იგი გამოიხატა იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, რომელიც არის ხალხის ფული, უნდა იხარჯებოდეს ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, როგორიც გახლავთ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მან სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისთვის უნდა აგოს პასუხი
თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300 ათასი ლარის ოდენობით. 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება.
გაუქმდეს თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღა მოეხსნას. ასევე, ყადაღა მოეხსნას მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებულ ქონებებს, ყადაღა მოეხსნას თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ დადებულ ქონებებს“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
- სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბრალდებულები: მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობა, რითაც სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვა არ მოისურვა და სხდომის გადადება მოითხოვა გამოჯანმრთელებამდე.
აღსანიშნავია, რომ წარდგენილ ბრალდებაში, ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩენვს.
ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.