თეატრალური უნივერსიტეტის ორი სტუდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეუშვეს - შენობის გარეთ პროტესტია
საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტია - მოქალაქეები პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ და მხარი დაუჭირონ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთაც საზმაუმ დიდი პროტესტის შემდეგ ეთერი დაუთმო.
თეატრალური უნივერსიტეტის ორი სტუდენტი პირველი არხის შენობაში უკვე შეუშვეს. ახლა მოქალაქეები რექტორის, გიორგი შალუტაშვილის ადგილზე გამოჩენას ელოდებიან. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ვარაუდობენ, რომ სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიებში მხილებულ რექტორს გამბედაობა არ ეყოფა, რომ ახალგაზრდების პირისპირ დაჯდეს და იდებატოს.
- შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი არხის ეთერში დღეს, 20:00 საათზე ისაუბრებენ.
ცნობისთვის, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი შეუჩერა და მათ ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მისცა.
რეპრესიების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი პირველი არხის ეთერიდან დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დაადანაშაულეს. სწორედ ამიტომ, სტუდენტები საეთერო დროის დათმობას და გიორგი შალუტაშვილის პირისპირ საუბარს მოითხოვდნენ. დიდმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალგაზრდებს საეთერო დრო დაუთმო.
- აქვე აღსანიშნავია, გუშინ, 13 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს.