ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი, სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციელია

16.03.25 11:30
ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი, სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციელია

"პირველებისთვის" თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. წყარო ძალოვანი უწყებიდან ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ, სავარაუდოდ, იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელიც ვაკეში სათვალთვალო ვიდეკადრებში ჩანს. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის, სავარაუდოდ, 50 წლამდე ყოფილი პოლიციელია. წყაროს ცნობითვე, უძილაურის სახლებში თბილისსა და კახეთში გუშინვე ჩხრეკა ჩატარდა. 

ამ დრომდე უცნობია დაკავებულია თუ არა უძილაური. არსებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, თუმცა უცნობია, არის თუ არა ის 50 წლის მამაკაცი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, ჰყავს თუ არა საქმეზე დაკავებული და არის თუ არა ქილერი უძილაური.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე გახმაურებული მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. ჩაცხრილულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება. ცალმხრივი მოძრაობის გამო მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის.