ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობიდან სამი დღე გავიდა - საგამოძიებო უწყება კითხვებს არ პასუხობს
მკვლელობა ჭავჭავაძეზე - მესამე დღეა, საგამოძიებო უწყება დუმილის რეჟიმშია და არ ავრცელებენ ინფორმაციას, გავიდნენ თუ არა მკვლელის კვალზე, იყო თუ არა შეკვეთილი ე.წ. კანონიერი ქურდის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და დატოვა თუ არა საქართველო ეჭვმიტანილმა.
ასევე უცნობია, მიაგნეს თუ არა გელა უძილაურის კვალს გამომძიებლებმა. „პირველებს“ კითხვებს კრინიმალურ პოლიციაში არ პასუხობენ და დუმილის რეჟიმში არიან. ყველა კითხვის პასუხად, ისინი ჟურნალისტს მხოლოდ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
“გარეთ გაბრძანდით, თუ ჩათვლის საჭიროდ, გამოვა“, - ეს იყო მათი პასუხი კითხვებზე.
დამატებით ინფორმაციას არ ფლობს ასევე, უძილაურის ოჯახი.
ამ ეტაპზე, ყველა კითხვა პასუხგაუცემელია.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე გახმაურებული მკვლელობა სამი დღის წინ მოხდა. ჩაცხრილულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება. ცალმხრივი მოძრაობის გამო მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის.