სასამართლოში პროცესების გადაღება მედიას შესაძლოა, სრულად აუკრძალონ
სასამართლოში პროცესების გადაღება მედიას შესაძლოა, სრულად აუკრძალონ. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა. ამ იდეის ავტორი ოფიციალურად ავთანდილ კახნიაშვილია.
ის ახსნა-განმარტებაში პროფესორი წერს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე ვიდეო გადაღების აკრძალვის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როცა სინდისის პატიმრების საქმეს ტელეეთერში უყურა.
პროფესორს არგუმენტად რამდენიმე საქმე მოჰყავს. საუბარია პროცესზე, რომელიც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ნაწილობრივ დახურა. ასევე ჩამონათვალშია მიხეილ სააკაშვილის პროცესებიც, სადაც ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. კახნიაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებული სასამართლო სხდომას პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებენ.
მიმდინარე წელს გამართულმა სასამართლო პროცესების სერიამაც დაადასტურა, რომ სხდომებიდან ტელეტრანსლაციების შედეგად აშკარად ხდება სამართლებრივი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი სხდომის შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულბა აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორიც( ადვოკატებმაც მოითხოვეს მათი აცილება), რის გამოც, მოსამართლემ დახურა სხდომა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, პარლამენტისთვის რაგირებისთვის მომემართა, მითუმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის წარმოებას, უმჯობესი ( სამართლიანიც, გონივრულიც) იქნებოდა, საერთოდ აკრძალულიყო ფოტო-ვიდეო გადაღება და ტელეტრანსლაციაც სასამართლო სხდომის დარბაზიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფარული და ღია გადაღება წარმოებს სასამართლო ხელისუფლების ინტერესებში ან სხდომათა დარბაზში წესრიგის უზრუნველსაყოფად. ამასთან, გადაღება მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილებით, მისი მითითების შესაბამისად და სპეციალური წესების დაცვით უნდა წარმოებდეს ( ფირები დაერთვება საქმეს და გამოქვეყნდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით), - ნათქვამი დოკუმენტში.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე ვრცლად მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც იურიდიული საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
სასამართლო პროცესების ღია თუ დახურულ ჭრილში წარდგენა ანუ ამ რეჟიმით გაშუქება, არის სასამართლოს გადასაწყვეტი. ამას წყვეტს სასამართლო იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომლის განხილვაც ხდება სასამართლოში. მე ვერაფერს გეტყვით ამ კონკრეტუ ინიციატივაზე. როცა დაგვეწერება მისი განხლვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ კონკრეტული, სრულფასოვანი პასუხი გაგცეთ ამ საკითხზე, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
სინდისის პატიმრების ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესების არგაშუქება, მხოლოდ "ოცნების" ინტერესშია. მათი თქმით, მაშინ, როდესაც პროკურატურას არგუმენტები არ გააჩნია, სასამართლო პროცესებზე ცრუ მოწმეები მიჰყავთ, ივანიშვილის გუნდს ამის გაშუქება აღარ აწყობს.
ცალსახად, მოტივი ამოიკითხება თავად ინიციატორი მხარისგანაც, რომელსაც მაგალიტად მოჰყავს 11 პირის პროცესი, სინდისის პატიმრების პროცესი. იმდენად აბსურდუალი ეს პროცესი, რომ არ უნდა მმართელ პარტიას, ის გაშუქეს და არ უნდა, საზოგადოებამდე მივიდეს ის აბსურდი, რომლის გამოც ეს ადამიანები ციხეში არიან. ფართო ჭრილში უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მართლსამჯულებისთვის, იმიტომ, რომ არცერთი პროცესი არ გაშუქდება თუ ამის სურვილი არ ექნება რომელიმე მხარეს და ცალსახადა პროკურატურას, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.