ომარ ოკრიბელაშვილს ოჯახმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიაგნო - ახლობლები სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობენ
სინდისის პატიმარს, ომარ ოკრიბელაშვილს, რომელსაც ოჯახი ამ დრომდე ეძებდა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიაგნეს. ინფორმაცია ოკრიბელაშვილის უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ გაიგო.
მანამდე კი ოჯახი და პატიმრის ადვოკატი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ რეჟიმის ტყვეს და ცდილობდნენ გაერკვიათ, რა მიზეზით მოხდა მისი გადაყვანა გლდანის საპატიმროდან.
ადვოკატი ამბობს, რომ გლდანის მერვე დაწესებულებიდან ასევე გადაყვანილია საბა მეფარიშვილიც, რომელიც ოკრიბელაშვილის მსგავსად, რკინის 400-ლარიანი ჯებირის გამო იხდის სასჯელს, თუმცა, კონკრეტულად რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს ის, ამ დრომდე უცნობია.
ადვოკატის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რის საფუძველზე მოხდა ოკრიბელაშვილის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში.
ომარ ოკრიბელაშვილი, სამწუხაროდ, რუსთავის მე-12 განყოფილებაშია გადაყვანილი, საფუძვლები, მიზეზი, პენტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ვერ აგვიხსხნა. შევხვდი მოადგილეს და მანაც ვერ ამიხსნა, თუ რატომ მოხდა ორკიბელაშვილის იძულებითი გადაყვანა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, შესაძლოა, მასზე განხორციელდეს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ასევე, მოხდეს ფიზიკური ანგარიშსწორება- ამბობს ადვოკატი.
ოჯახი ვარაუდობს, რომ მათი შვილის გადაყვანა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ სინდისის პატიმართან, ჯავახიშვილთან შეხვედრას უკავშირდება და ფიქრობენ, რომ პენიტენციურს ამ ახალგაზრდების ერთმანეთისგან განცალკევება უნდა.
ისინი სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დაწესებულებას უნდობლობას უცხადებენ.
წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში იქნება. იმედი ჰქონდა, რომ ვიდრე სასჯელს მოიხდიდა, აქ იქნებოდა, ახლა კი ხელახლა შეგუება, იქ როგორი სიტუაცია იქნება, რა ზეწოლა ექნება. ჩვენ უნდობლობას გამოვუცხადებთ, იმიტომ, რომ არანაირ საქმის კურსშიც არ ჩაგვაყენეს, გაფრთხილებაც არ ყოფილა, შეიძლება იმას უკავშირდებოდეს, რომ ჯავახიშვილმა და ამან ერთმანეთი ნახეს, - ამბობს დაკავებულის დედა.
სამდღიანი ძებნის შემდეგ გავიგეთ, რომ შაბათს გადაუყვანიათ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, ეს არის ძალაუფლების გადამეტება, დანარჩენი 8 თვე, რაც იყო დარჩენილი, აქ უნდა მოეხადა, მაგრამ ჩვენს გაუფრთხილებლად, მოხდა გადაყვანა. რადგანაც აქ მოხვდა ზეწოლის ქვეშ, იქაც იქნება ანალოგიური სიტუაცია, ან უფრო მეტიც. მინდა მივმართო თქვენი ტელევიზიის საშუალებით, არგაბედონ ამ ბავშვებზე ხელის შეხება, ისინი იბრძვიან და იბრძოლებენ ბოლომდე“, - ამბობს მამა.
ამ წუთებში, ოკრიბელაშვილის ადვოკატი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიდის, რათა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდეს და მისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინოს.
ცნობისთვის, ომარ ოკრიბელაშვილი "ჯებირების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულია.
20 იანვარს მოსამართლე ნინო გუდაძემ მარტის აქციების დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დამნაშავეებად სცნო და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
მათ მოსამართლემ სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას ძალადობრივად დაკავებულ ორივე აქტივისტს პროკურატურა პარლამენტის 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.