გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, რიყის პარკში მდებარე “ბარი სახელოსნოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 16 მარტს გიორგი ახალაიას სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ცივი იარაღით გაუსწორდნენ და მოკლეს. ახალგაზრდა კაცს სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.