გიორგი ოკმელაშვილი გლდანის ციხიდან ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - ოჯახი

რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი ოკმელაშვილი გლდანის საპატიმროდან ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ოჯახის წევრი ავრცელებს.
თამთა ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმირებულები არც მისი ნათესავები და არც ადვოკატები ყოფილან.
დღეს სრულიად შემთხვევით ვიგებთ, რომ ოკმელა გადაიყვანეს სხვა საპატიმროში. არ შედგა ჩანიშნული ვიდეოქოლი, იმ მიზეზით რომ გლდანში აღარ არისო. კარგახანი დამჭირდა იმის გასაგებად, სად იმყოფებოდა. ქსანში დავრეკე და ვიკითხე თქვენთან არისთქო და კი პარასკევს გადმოიყვანესო. არ უნდა ვიცოდეთ ოჯახის წევრებმა ან ადვოკატმა, ან დარეკვის უფლება არ აქვს რომ შეგვატყობინოსთქო?! -წერილი მოგივათ განყოფილებიდანო, ეხლა შაბათი-კვირა დაემთხვა და დაგვიანდება მოწოდებაო.
ოკმელას განაჩენში უწერია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა. ქსანში დახურული ტიპის დაწესებულება არის. დილით ადვოკატი გლდანის ციხეში იყო პატიმრებთან და მანაც მაშინ გაარკვია, როცა მოითხოვა ოკმელასთან შეხვედრა, უი ეგ გადაიყვანეს უკვე ქსანშიო. თქვენი სიცოცხლით სავსე ქალაქი ვქუნემ მე. ცეცხლი ოლიგარქიას და თქვენ მონებს! ბრძოლას მე ვერ გადამაჩვევთ!". - წერს თამთა ჩხეიძე.
ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა.