მოსამართლე ჯინჯოლიამ ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
- რეჟიმი ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. სასამართლოს დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან “ნებისმიერი ოდენობის გირაო” შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ. სასამართლო სხდომაზე ადვოკატები ამბობდნენ, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდების მხარე. პროკურორის მტკიცებით კი, ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში და წარსულშიც მისი მხრიდან იკვეთება ნარკოდანაშაულთან შემხებლობა.
პროკურორის თქმითვე, ასევე დასტურდება ახობაძის მხრიდან საზღვრის კვეთა და გათავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი ქვეყნიდან გასვლა, რაზეც ბრალდებულმა ექიმმა პროკურორ გობეჯიშვილს უთხრა, რომ საზღვრის კვეთა მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო უფიქსირდება
„ამხანაგი გობეჯიშვილი ამბობს, რომ იმდენად მორღვეულია საზღვარი, რომ… კი გაეპართ ვიღაცები, მაგრამ მე [საზღვრის კვეთა] ფიზიკურად არ შემიძლია. ჩემი სახლის კარი შეგიძლიათ გარედან ჩაკეტოთ, გასაღებიც დაიტოვოთ და ჩააბაროთ ოფიცერს“,- განაცხადა პროცესზე გიორგი ახობაძემ.
როგორც დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეში არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს.
მტკიცებულებებს ვერ ვუწოდებთ, რაც ბრალდების მხარის მიერ არის მოპოვებული. მოსამართლემ არ მოგვცა სხვა მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. საუბარი გვაქვს ნეიტრალურ მტკიცებულებაზე, ვიდეოჩანაწერებზე, რომელიც ნათელს მოჰფენს იმ სიბოროტეს, რასაც ამ ხნის განმავლობაში ახობაძის მიმართ აქვს ადგილი", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
რატომ არ არსებობს საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება - "პირველების" ამ კითხვაზე, სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორი გობეჯიშვილი ირწმუნებოდა, რომ საგამოძებო მოქმედებების ჩატარების დროს "ვიდეო გადაღების რესურსი არ არსებოდა".
დანიშნული იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ შესაფუთ მასალაზე აღინიშნებოდა გიორგი ახობაძის დნმ კვალი - დნმ პროფილი.
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სამი გამომძიებლის მონაწილეობით, როგორც ოქმებიდან დგინდება, ფიზიკურად იმის რესურსი არ არსებობდა, რომ ვიდეო გადაღება მომხდარიყო", - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.