ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - დამკვეთი ვერ დაადგინეს

19.03.25 20:05
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - დამკვეთი ვერ დაადგინეს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 50 წლის გელა უძილაურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ყოფილი სპეცრაზმელს განსასჯელის სკამიდან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ძმის, 58 წლის ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ აძლევს ჩვენებას და არ იღებს მონაწილეობას საგამოძიებო ექსპერიმენტში.

ამ დრომდე გამოძიებამ ვერ იპოვა დანაშაულის იარაღი, არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულმა მთავარი მტკიცებულება გაანადგურა. 

რა გახდა დანაშაულის მოტივი. ლევან ჯანგველაძე შეკვეთილ მკვლელობის მსხვერპლი გახდა, თუ ეს იყო პირადი ანგარიშსწორება?! - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ გაბიტაშვილის უწყებამ ვერ გაარკვია.

გელა უძილაურს დღეს სახაზინო ადვოკატი იცავდა, ის სასამართლოს დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას 5000 ლარიანი გირაოთი სთხოვდა. ადვოკატი ირწმუნება, რომ წაიკითხა 3 ტომიანი საქმე და იქ ვერაფერი იპოვა, იმის დასამტკიცებლად, რომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაეშვათ. 

ვისთან ჰქონდა მკვლელობამდე ბოლო კომუნიკაცია გელა უძილაურს ამ დრომდე უცნობია. უცნობია ისიც, ამოღებული აქვს თუ არა პროკურატურას სატელეფონო ანძის ჩანაწერები რაც დაადგენს ვისთან იყო კავშირზე სისხლიან ანგარიშსწორებამდე თავდამსხმელი.

სახელმწიფო ბრალდება ვერ პასუხობს კითხვას ეკეთა თუ არა  სილიკონის ნიღაბი იერის შესაცვლელად ქილერს, მაშინ როცა დანაშაულს ათობით სათვალთვალო კამერის წინ ჩადიოდა.

"პირველების" წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ. ქილერმა 14 გასროლის დროს მერაბ ჯანგველაძის ძმას "მოკითხვა საბერძნეთიდან გადასცა".  ლევან ჯანგველაძესთან ერთად თავდასხმის დროს იყო ბიზნესმენი კახა ძანძავა. ის გამოძიებამ უკვე გამოკითხა. ძანძავა, მოკლული ბიზნესმენის გვერდით იდგა, ამიტომ მას უნდა მოესმინა, რა უთხრა გასროლის წინ ქილერმა ლევან ჯანგავაძეს. 

ახალი დეტალები უძილაურის საქმეში - ნანუკა ქაჯაია დეტალებით