ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - გამოძიება დანაშაულის იარაღს ამ დრომდე ეძებს

19.03.25 13:34
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - გამოძიება დანაშაულის იარაღს ამ დრომდე ეძებს

 

 

ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეში დანაშაულის იარაღი არ დევს - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

შაიშმელაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გასროლა განახორციელა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, რადგან ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია.

პროკურორის თქმითვე, ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა სხდომათა დარბაზში ასევე თქვა, რომ გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა:

უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა

პროკურორი სასამართლო სხდომაზე ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითოვდა.  შაიშმელაშვილის თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზე იყო, რადგან დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს, მით უფრო, რომ მან ერთხელ უკვე მიმალვა სცადა. 

  • შაიშმელაშვილის თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი იარაღი ბრალდების მხარის მხრიდან ამოღებულია ბევრ ვაზნასთან ერთად, მეორე იარაღი კი, ამ დრომდე ამოღებული არ არის.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ უძილაურის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.

თავად გელა უძილაურს სასამართლო სხდომაზე დუმილი არ დაურღვევია. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.