ანგარიშის დაყადაღება უკანონოა - „ადამიანის უფლებათა სახლი“ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს

20.03.25 13:43
ანგარიშის დაყადაღება უკანონოა - „ადამიანის უფლებათა სახლი“ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს

 

"ადამიანის უფლებათა სახლი", რომელიც ერთ-ერთია 5 ფონდს შორის, რომლის ანგარიშებიც დააყადაღეს, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. საჩივარი მეორე ინსტანციის სასამართლოში დღეს, რამდენიმე საათში შევა. ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ასობით მოქალაქეს ეხმარებოდა, მიიჩნევს რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და შესაბამოა კანონთანაც.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლელა ცისკარიშვილი ფონდების დაყადაღებას „უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველბზე "ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეტევად“ აფასებს.

"პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ასევე ყადაღის დადების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება  და განჩინება არის დაუსაბუთებელი... სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლელა ცისკარიშვილმა.

მისივე ცნობით, დღეისთვის „ადამიანის უფლებათა სახლს“:

  • დაფარული აქვს 843 747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა;
  • 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მიიღო 921 336 ლარის შემოწირულება ასეულობით ფიზიკური პირისგან და ბოლო ორი თვის განმავლობაში - 300 000 ლარის შემოწირულება TBC და საქართველოს ბანკებისგან.
  • „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, - ერთ-ერთი ფონდი, რომლის ანგარიშებიც დააყადაღეს აქციებზე დაკავებულთა და მათი ოჯახის წევრების დახმარების გამო, - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყადაღა დაედო რამდენიმე ორგანიზაციისა, თუ ფონდის, მათ შორის „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებს.

ორგანიზაციის ანგარიშები, რომელიც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, აერთიანებდა როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს, ასევე ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ გრანტებს. შესაბამისად, ორგანიზაციის სერვისებს ვეღარ მიიღებენ ჩვენი სხვა ბენეფიციარებიც.

მოვუწოდებთ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. მოვუწოდებთ, სააპელაციო სასამართლოს, განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა“ და მასში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“. 

მსგავსი სიახლეები