"საზმაუს სამეურვეო საბჭომ ჟურნალისტებს პარანოიდული ბრალდებები წაუყენა, სამარცხვინო შეხვედრას ისტორია მძიმე ეპიზოდად შემოინახავს" - საგანგებო განცხადება

24.03.25 19:52
"საზმაუს სამეურვეო საბჭომ ჟურნალისტებს პარანოიდული ბრალდებები წაუყენა, სამარცხვინო შეხვედრას ისტორია მძიმე ეპიზოდად შემოინახავს" - საგანგებო განცხადება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საგანგებო განცხადებას აკეთებენ - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სხდომას "სამარცხვინო შეხვედრად" აფასებენ და დახურულ კარს მიღმა აუდიენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. 

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ პირველი არხის ბორდის წევრების მიერ ტელევიზიის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები "პარანოიდულია".

"საბჭოს წევრების პრივილეგირებული ცხოვრება სრულიად განყენებულია ჩვენი თანამოქალაქეების ნამდვილი გასაჭირისგან" - ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ. 

სამეურვეო საბჭოს სამარცხვინო შეხვედრას ისტორია მძიმე ეპიზოდად შემოინახავს. ამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დახურულ კარს მიღმა უკანონოდ შეიკრიბა და პარანოიდული ბრალდებები წაუყენა არხის ჟურნალისტებსა და არხის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს. ახლა, როცა ქალაქში სასიცოცხლო პირობებს ითხოვენ მაღაროელები, როცა პარლამენტთან ღამეს ათევენ სტუდენტები, როცა რეჟიმის ტყვეთა მშობლები უშედეგოდ ელიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, საბჭოს შეხვედრაზე გამოკვეთილი უმთავრესი პრობლემა მასონების ლოჟის მიერ წარმოსახვითი შეთქმულებებია.

არ არის გასაკვირი, რომ საბჭოს წევრების პრივილეგირებული ცხოვრება სრულიად განყენებულია ჩვენი თანამოქალაქეების ნამდვილი გასაჭირისგან, რადგან ისინი ქვეყნის სწორედ იმ მცირე ნაწილს ეკუთვნიან, რომელიც ავტორიტარული რეჟიმით ხეირობს. ცხადია, რომ არხის მეურვეები განზრახ ირჩევენ მოსახლეობის ნამდვილი ინტერესის უგულებელყოფას და ყურადღება შეთქმულებისკენ მიმართავენ. სინამდვილეში მათ ზუსტად იციან, როცა ჩვენ ვამბობთ ეთერი ხალხს, ჩვენ მოვითხოვთ პირველი არხისგან, რომ ისაუბროს ნამდვილ გასაჭირზე, სიღატაკეზე, პოლიციურ ძალადობაზე, ავტორიტარიზმის დამყარებაზე თუ უსამართლო სასამართლოზე. ჩვენ ყოველდღიურად, ყოველ საღამოს ტელევიზიის წინ სწორედ ამ პრობლემებზე საჯაროდ ვმსჯელობთ და თუ კი რამე ამ პროცესში მასონურ ლოჟას მართლაც წააგავს, ეს სამეურვეო საბჭოს დახურული სხდომაა და ბოლოს შესაძლოა საბჭოს წევრებისთვის ეს უცხოა, მაგრამ პროტესტში ჩართულებს ერთმანეთისთვის სოლიდარობა არ გვეშურება, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სოლიდარობა საზოგადოებრივ მაუწყებლის მცველებს", - განაცხადეს მოქალქეებმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე იმსჯელა და არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზა. 

ბორდის წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.