"ასეთი შეუგნებელი მონა რანაირად უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცე" - მოსამართლემ რეზო კიკნაძე სხდომიდან გააძევა

25.03.25 14:32
"ასეთი შეუგნებელი მონა რანაირად უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცე" - მოსამართლემ რეზო კიკნაძე სხდომიდან გააძევა

 

 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რეზო კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა - სინდისის პატიმარმა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის დარბაზის კარი არ გახსნა, ირაკლი შვანგირაძეს "მონა" ეძახა და პირდაპირ უთხრა, რომ "აღნიშნულ ცირკში" მონაწილებას არ მიიღებდა. 

თუ ჩემი მშობლების და დანარჩენების ახლობლებს არ ასწრებთ, მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ. მინდა, რომ დავტოვო მაშინ დარბაზი. და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, სამი დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი, სეპარატისტი ოსი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უდნა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და თქვენც მშვიდად ნუ დაიძინებთ. საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთოვთ ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობა არ მინდა. 

თავი რანაირად უნდა შევიკავო, მშობლების ნახვის უფლებას არ მაძლევთ. ასეთი შეუგნებელი მონა რანაირად უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცე... მონა ხარ მონა", - უთხრა რეჟიმის ტყვემ მოსამართლეს. 

 

 

ამის შემდეგ მოსამართლე შვანგირაძემ მანდატურებს მიუთითა, რომ რეჟიმის ტყვე სხდომათა დარბაზიდან გაეძევებინათ

"გაძევებული ხართ დარბაზიდან, შეგიძლიათ გაასაჩივროთ".- თქვა მოსამართლემ. 

  • შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასამართლო დარბაზის კარი არ გაუხსნა. ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობაზე მოსამართლემ არც კი იმსჯელა და საგანგებოდ შეგროვებული ხელმოწერებიც არ შეიმჩნია. 

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 დაკავებულის საქმის განხილვა ამ წუთებში ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები