"ისაუბრე": გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო
ონლაინმედია "ისაუბრეს" ცნობით, გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. ბერლინიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი გუშინ გვიან ღამით დაჯდა.
ირკვევა, რომ დეპორტირებულებს შორის არიან გერმანიაში სამკურნალოდ წასული ქართველები, ასევე, ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.
"გერმანიაში ვიყავით თითქმის 3 წელი, არც კი, 2 წელიწადზე მეტი. და ვიყავით შვილის გამო, რადგან მას გარკვეული დაავადება აქვს რომლის დიაგნოსტირებაც აქ ვერ მოხერხდა თავიდან. არც მკურნალობა მოხერხებულა შესაბამისი რადგან დიაგნოზი არ ვიცოდით და ამიტომ წავედით გერმანიაში. უამრავი საბუთი გვქონდა სამედიცინო კუთხითაც, თუმცა, მაინც გამოგვიშვეს. ინტერნეტში რაც წავიკითხე, შეიძლება საქართველო აღარ იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაშიო, ასეთი კანონი მიიღო მგონი გერმანიამ... დეპორტაციები მაინც გრძელდება და ხალხს ყრიან პანტაპუნტით საქართველოში", - ამბობს "ისაუბრე"-სთან ერთ-ერთი დეპორტირებული მოქალაქე.
ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია. დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.