შსს ადასტურებს, რომ ძაღლს პოლიციელმა ესროლა - "პირველებმა" თვითმხილველები ჩაწერა

02.04.25 10:24
შსს ადასტურებს, რომ ძაღლს პოლიციელმა ესროლა - "პირველებმა" თვითმხილველები ჩაწერა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში, გურამიშვილზე პოლიციის თანამშრომელმა ძაღლს ესროლა.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ. პოლიციელმა კი ძაღლს იარაღიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლა: 

„პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა”, - აცხადებენ შსს-ში.

დაშავებული ძაღლი კლინიკაშია გადაყვანილი. 

ამასთან, უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმ პოლიციელის წინააღმდეგ, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. 

ფაქტის თვითმხილველები კი "პირველებს" უყვებიან, რომ შემთხვევა გუშინ, გურამიშვილის ქუჩაზე 19:00 საათზე მოხდა. 

ერთ-ერთი ადგილობრივის მტკიცებით, გასროლის შემდეგ, სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ტერიტორიის დატოვება სცადა, თუმცა მოქალაქეებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცმა საბოლოოდ საპატრულო პოლიცია თავად გააჩერა და მომხდარის შესახებ უამბო. 

ფაქტის შემსწრე მოქალაქეები "პირველებს" უგზავნიან ფოტოს, რომელიც  მათივე მტკიცებით, შემთხვევის დროს გადაიღეს. 

თვითმხილველთა ნაწილი, "პირველებს" ეუბნება იმასაც, რომ ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელებმა მათივე კოლეგა ავტომობილში ჩაისვეს, თუმცა მათივე მტკიცებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც ძაღლს ცეცხლი გაუხსნა, მალევე გაათავისუფლეს.