საზმაუს საბჭოს სხდომაზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრების საშუალება პირველი არხის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს არ მისცეს - მედიის წარმომადგენლები საზმაუს შენობაში შეუშვეს, თუმცა ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა სხდომა ტექნიკურად დაასრულეს.
დახურულ კარს მიღმა დარჩა "მოამბეს" ყოფილი წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც რეჟიმის ტყვისთვის, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებიდან მალევე ეთერიდან ჩახსნეს.
ვასილ ივანონ-ჩიქოვანის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს განსხვავებული აზრის მოსმენისა და კრიტიკული კითხვებისთვის პასუხების გაცემის შეეშინდა.
არ მოგვცა საშუალება, შევსულიყავით, დაგვესვა ის კრიტიკული კითხვები, რომელიც გვაქვს კონკრეტულად მაუწყებელთან სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოქმედებებთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რა ლუსტრაციაც მოახდინა საბჭოს 8 წევრმა წინა სამარცხვინო სხდომაზე საკუთარი თავის. ისინი არიან შეშინებულები, გაურბიან შეკითხვებს, რადგან არ აქვთ პასუხები. მე მივმართე, რომ მათ ინდივიდუალურად მიმართონ პროკურატურას იმისთვის, რომ დადგინდეს მტყუან-მართალი. მე ვარ დაინტერესებული, რომ ამ ყველაფერში მათ ბოდვას ნათელი მოეფინოთ". - განაცხადა ვასილ ივანონ ჩიქოვანმა.
კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელსაც სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება არ მისცეს, ნინო ზაუტაშვილია. როგორც მან მედიასთან განაცხადა, "მთელი ბორდი იმ შეკითხვებს ერიდებოდა, რომლებიც მათთვის უსიამოვნო იქნებოდა".
შევედით. უცებ მესმის, რომ კრება დაიხურა და ვასილ მაღლაფერიძე გამოდის გარეთ. წამოვხდი იმ წუთას, ვკითხე, კი მაგრამ ჩვენ ხომ უნდა შემოვსულიყავით. იქ რა დატრიალდა, ამას მოამბეში ნახავს მაყურებელი. ჩემთვის სრულიად გაიშიფრა ყველაფერი. ეს ადამიანი და მთელი ბორდი ერიდებოდა იმ შეკითხვებს, რომლებსაც უსათუოდ დავუსვამდით და ეს შეკითხვები არ იქნებოდა მათთვის სასიამოვნო. ადამიანს, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, შეიძლება რამის შეეშინდეს". - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ, 6 წლის ვადით აირჩიეს.
ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც პირველი არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები "ქართული ოცნების" პოლიტიკის გატარებაში ამხელენ, საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა ბონდო მძინარაშვილმა წარადგინა.