"ოცნება" დამოუკიდებელ მედიას უტევს - მედიის წარმომადგენლები საბა სორდიას დაკავებაზე

06.04.25 20:23
"ოცნება" დამოუკიდებელ მედიას უტევს - მედიის წარმომადგენლები საბა სორდიას დაკავებაზე

"ინდიგოს" ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას მედიის წარმომადგენლები ეხმიანებიან. ამბობენ, რომ ჟურნალისტობა არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში საშიშ პროფესიად იქცა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ფიქრობს, რომ "ოცნება" ახლა ჟურნალისტების გაჩუმებას ცდილობს, რათა საზოგადოებამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე სიმართლე ვერ გაიგოს. მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები არა თავის მოვალეობას, არამედ ივანიშვილის ნება-სურვილს ასრულებენ. 

ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ "ქართული ოცნების", ივანიშვილის რეჟიმის უკანონო ქმედებებს, რომელიც მიმართულია აქტივისტების თუ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ეს ხალხი ყოველდღიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ეს არის როგორც ამ ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ასევე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები. რა თქმა უნდა, სრული კოლაფსია ჩვენს რეალობაში სახელმწიფო ინსტიტუტებისა, რომლებიც თავის მოვალეობას კი არ ასრულებენ, არამედ ივანიშვილის ნება-სურვილის შემსრულებელია, - ამბობს მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს, როდესაც დამნაშავეებს არ სჯის.  

უფრო მძაფრად უტევენ ისინი დამოუკიდებელ მედიას, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და რასაც ჩვენ ვხედავთ, გარდა იმისა, რომ პოლიცია ჟურნალისტებს ასე აჩერებს და აკავებს, ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებენ. როცა ვამბობთ, ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებენ, ვგულისხმობ იმას, რომ როცა ვინმე ჟურნალისტზე იძალადებს, მას არ იჭერენ, პასუხს არ სთხოვენ და სხვებ ეუბნებიან, რომ შეგიძლიათ, ჟურნალისტები სცემოთ, პირდაპირ ეთერში, მათ შორის. გაიხსენეთ მაკა ჩიხლაძის ამბავი, გურამ როგავას ამბავი. ანუ, შეგიძლიათ ჟურნალისტებს სცემოთ, აგინოთ, თქვენ პასუხს არავინ მოგთხოვთ, - ამბობს მერაბ მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია დღეს  დააკავა.  ადვოკატი, რომელმაც დაკავებული ჟურნალისტი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, მომხდარის შესახებ ყვება. ინტერესების დამცველის თქმით, ჟურნალისტი მეგობრებთან შესახვედრად მიდოდა, რა დროსაც ის პოლიციელებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.

ადვოკატი ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს. მისი თქმით, პოლიციის ავტომობილში ყოფნისას სორდიას მისამართით პოლიციელებმა ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენეს, დაემუქრნენ წართმეული გო-პროს დამტვრევითაც.

საბა სორდიას ადმინისტრაციულ სამართალდაღვევას ედავებიან. დღევანდელ ღამეს ის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაათევს. უკვე ხვალ გაირკვევა, გაუშვებენ ხელწერილით თუ სასამართლო სხდომა ჩაინიშნება.