“არ იქნება მედია-არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა“-8 აპრილს ქუჩაში ჟურნალისტებიც გადიან
“არ იქნება მედია-არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა“-8 აპრილს ქუჩაში ჟურნალისტებიც გადიან.
მედიის წარმომადგენლები შეკრებას 20:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყებენ და პარლამენტისკენ გაემართებიან.
მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტები ქუჩაში გადიან, ის ცვლილებებია, რომელიც ქვეყანაში მედიის შეზღუდვის კუთხით განხორციელდა. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ, რადგან,“თუ არ იქნება თავისუფალი სიტყვა, არ იქნება თავისუფლება“.
27 წელია ჟურნალისტი ვარ და არ მახსოვს პერიოდი, როცა ასეთი მრავალმხრივი და გამანადგურებელი შეტევა ყოფილიყოს თავისუფალ მედიაზე. ფაქტობრივად, შემოიტანეს კანონები, რომელიც ყველაზე თავისუფალ მედიებს ხურავენ. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, თუ არ იქნება ჩვენი ხმა, არ იქნება მათი სიმართლე, ხოლო თუ არ იქნება მათი სიმართლე, არ იქნება თავისუფლება. თუ არ იქნება თავისუფლება, არ გვეყვარება ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც გვიყვარს, რადგან იქნება სულის შემხუთველი გარემო. მინდა, ბევრ ადამიანს ვთხოვო და მოვუწოდო, შემოურთდით მედიის მარშს, 8 აპრილს, 20:00 საათზე, - ამბობს ნინო ზურიაშვილი.
ის რომ მზია ამღლობელი უკანონო პატიმრობაშია, ერთ-ერთი სიმპტომია იმის, როგორ უყურებს დამოუკიდებელ მედიას “ქართული ოცნება“, რა უნდათ, როგორი რეალობა უნდათ საქართველოში, რომ არ იყვნენ დამოუკიდებელი ადამიანები და მიიღონ ისეთი წყობა, როგორიც ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთშია, სადაც აღარ არიან, თითქმის, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ნაწილი მათგანი ციხეშია, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა, ფიზიკურად აღარ ფუნქციონირებენ დამოუკიდებელი მედიები და გამოცემები. ჩვენ არ გვინდა ასეთი საქართველო, ასეთი რეალობა და ვიბრძოლებთ ბოლომდე, მედიის და გამოხატვის თავისუფლებისთვის“, - აცხადებს ლიკა ზაკაშვილი.
“დუმილის დრო დასრულდა, საჭიროა, მეტი მოქმედება“,- ეს არის ფრაზა, რომლის გარშემოც მოქალაქეები ერთიანდებიან. დიდი პროტესტის სამზადისი დაწყებულია. ხვალ დედაქალაქში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. მათ შორის, მთავარ აქციას სინდისის პატიმრების მშობლები გამართავენ, რომლებიც რუსთაველზე, ცხრა აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან და დაელოდებიან ყველას.