PACE ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს - ბოკუჩავა

07.04.25 19:29
PACE ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს - ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეზოლუციით ევროსაბჭო ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვს. 

ბოკუჩავას თქმითვე, ის დღეს მონიტორინგის კომიტეტს დაესწრო, სადაც სრული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა. 

ქოცთა ვარამი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე გრძელდება.

დღეს, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით დავესწარი მონიტორინგის კომიტეტს, სადაც სრული კონსენსუსია, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა. Une vrai autocracie არის შეფასება, რომელსაც ამ დარბაზებში მოისმენთ. ეს ის კომიტეტია, სადაც წულუკიანმა იანვრის სესიაზე დებატებში 10-0 წააგო, როდესაც ამ ჯალათს და მის რუსულ პროპაგანდას ოპონირებას მარტო ვუწევდი. ვერც ფრანგულის ცოდნამ უშველა, ვერც წივილ-კივილმა. დღეს არ ბრძანდება აღარც ის, აღარც “პოს ტვ” და აღარც “იმედი”. იქნებ ისიც ყაველაშვილთან ერთად საცხრამაისოდ წითელი მოედნისთვის ემზადებიან?

ახლა კი საქმეზე - PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ოცნების დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება.

იჯდეს ახლა თეა და წეროს და იკითხოს საბრალდებო დასკვნები არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაში მამის საუკეთესო საბჭოთა მემკვიდრეობის იმიტირებით.

ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, - წერს თინა ბოკუჩავა.

სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს  შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება. 

მსგავსი სიახლეები