ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები 10 აპრილს გაიმართება

07.04.25 15:04
ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები 10 აპრილს გაიმართება

სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება-ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს  შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

სხდომა საფრანგეთში ამ წუთებში მიმდინარეობს.

პირველი, ვინც სიტყვით გამოვიდა და სინდისის  პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა, შვედი პოლიტიკოსი იყო. დღეს სტრასბურგში ღიად ითქვა, რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება.

პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ შეუძლებელია, საქართველოში ჩატარდეს სამომავლოდ ადგილობრივი არჩევნები, იმ პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც ახლაა ქვეყანაში. 

ვითარება საქართველოში უარესდება. გუშინ თბილისის ქუჩებში პროტესტის 130 დღე აღინიშნა. ქართველი ხალხი მმართველი პარტიის ქართული ოცნების ძალადობას და რეპრესიებს აპროტესტებს. ასობით დემონსტრანტს და ჟურნალისტს სცემეს, თუმცა არცერთი პოლიციის ოფიცერი არ მიუციათ პასუხისგებაში, რომელიც კითხვის ნიშანს არ ტოვებს იმაზე, ვინ დგას ამ ძალადობის მიღმა. ევროპის საბჭოს კონგრესმა ღიად თქვა, რომ ადგილობრვი არჩევნები ვერ ჩატარდება ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის გარეშე.  როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში თქვა,  ახალი არჩვნები იქნება ნაბიჯი წინ, ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,- განაცხდა შვედმა პოლიტიკოსმა, ბორიანა აბერგიმ.

არავინ აიძულებს ქვეყნებს ევროსაბჭოს წევრობას, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტილებას იღებენ, პატივი უნდა სცენ ჩვენ სტანდარტებს, თუ საჭიროა დელეგაციებს უფლებამოსილება შევუჩეროთ, მოდით, გავაკეთოთ ასე, თუ დავაინიცირებთ წევრობის შეჩერებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აშკარად არ სცემენ პატივს ჩვენ სტანდარტებს და უარს ამბობენ ჩვენთან თანამშრომლობაზე, მოდით შევუჩეროთ, ნუ შეგვეშინდება, - განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა, იულიან ბულაიმ.

ამ ყველაფრის პარალელურად, მონიტორინგის კომიტეტი მსჯელობს, შეუჩერონ თუ არა “ოცნების“ დელეგაციას უფლებამოსილება, მიუხედავად იმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა თავა თქვეს უარი, მანდატები ჰქონოდათ ევროსაბჭოში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.

 

მსგავსი სიახლეები