ციხე ვერასოდეს დამატყვევებს, რადგან მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი-ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურა ცეცხლაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შვილის წერილი წაიკითხა, რომელიც ზვიადმა ციხიდან სპეციალურად ამ დღისთვის გამოაგზავნა.
სინდისის პატიმარი ციხეში არსებულ ყოფაზე საუბრობს და ამბობს, რომ “4 კედელი, გისოსები, ბალანდა, სინამდვილეში, სულაც არ არის რთული, სხეული ყველაფერს ეგუება, შემდგომ ყვევალფერი გაძლებადი ხდება.“
ცეცხლაძე ყველას მოუწოდებს 14 და 19 აპრილს კვლავ შეიკრიბნენ.
ოდესმე გიფიქრიათ, როგორია ციხე, 4 კედელი, გისოსები, ბალანდა, სინამდვილეში, სულაც არ არის რთული, სხეული ყველაფერს ეგუება, შემდგომ ყვევალფერი გაძლებადი ხდება. მაგრამ ეს ილუზიაა, სინამდვილეში გვიპატიმრებენ არა სხეულს, არამედ გონებას, ოღონდ გონების დაპატიმრებას ვერ დაატარიღებ, ის არ მომხდარა 4 დეკემბრის ღამეს, როდესაც ხელებზე ბორკილები გადევს. ჯერ ხდება მაშინ, როცა 4 კედელს შორის გამომწყვდეული ზიხარ და ფიქრობ, რომ ვეღარაფერს გააკეთებ ოჯახისათვის, ერისათვის, ქვეყნისათვის, როდესაც გისოსებიდან გაიხედავ და თავისუფალი თბილისის ნაცვლად, ციხის გისოსებს დაინახავ. ესეთ დროს მოდის საზარელი ფიქრები, ნეტა 6 წელს მომისჯიან თუ 9 წელს? 9 წლის შემდეგ დედა როგორ იქნება, მამა? ან სად იქნება ის გოგო, ვისტან გასატარებელი სიყვარულის წლები ციხეში უნდა გაატარო.
გიფიქრიათ ოდესმე, ნეტა მომავალი წლის ამ დღეს სად ვიქნებით, მე მიფიქრია. ეს იყო 2024 წლის 19 აპრილი, როდესაც ათობით სტუდენტმა, სრული უიმედობის ჟამს, ხელში ავიღეთ ეროვნული დროშა და გავემართეთ გმირთა მოედნისკენ, სასაწულის იმედით. როდესაც თავისუფლების მოედნიდან უკვე ასობით ვიყავით, იუსტიციის სახლთან ათასობით და გმირთა მემორიალთან, ფიცის დადების დროს, ათი ათასობით. მაშინ მივხვდი, რომ ეს სასწაული მოხდა, ამდენი ხნის შემდეგ, ქვეყნის სიყვარულმა და ათეულობით სტუდენტმა ათი ათასობით გულანთებული მამულიშვილი გამოიყვანა გარეთ, თვალებში იმედის აგიზგიზებული ცეცხლით. იმ ჟამს არ არსებობდა არც მთავრობა, არც ოპოზიცია, ვიყავით მხოლოდ საქართველოს შვილები. ამავე საქართველოს სიყვარულით, ნათელი მომავლისათვის ბრძოლის წყურვილით გამოსული მთელი ერი. ამ საოცარ ღამეს, ბევრი არ მიფიქრია, მხოლოდ ის კითხვა, სად იქნებოდა საქართველო და სად ვიქნებოდი მე. ასეთი მოგონება ნიჰილიზმს აქრობს და ხვდები, რომ არა მხოლოდ სხეულის პატიმრობა, არამედ გონების პატიმრობაც ილუზიაა. ციხე ვერასოდეს დამატყვევებს, რადგან მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი, და თუ ერთხელ მოვახდინეთ სასწაული, მეორეჯერაც შევძლებთ.
14 და 19 აპრილს, შევიკრიბოთ პარალმენტის წინ, გავიაროთ იგივე გოლგოთის გზა, რადგან ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზაა ეკლიანი, ჯვარცმის და გარდაუვალი აღდგომისა. მე ვიქნები თქვენთან ერთად და თქვენ გაიგონებთ ჩემ ხმას, რადგან მე გადავწყვიტე, რომ ვიყო თავისუფალი,- წერს ზვიად ცეცხლაძე.