ფასი რეჟიმის მსახურებისთვის - მაკა ჩიხლაძე მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე
"ეს არის ფასი, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმის ყველა მსახური გადაიხდის იმისთვის, რასაც აკეთებს, ან არ აკეთებს" - ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" ოთხი მაღალჩინოსნისთვის სანქციების დაწესებას "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე.
მაკა ჩიხლაძე "პირველებთან" გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული კარლო კაციტაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
- აღსანიშნავია, რომ მაკა ჩიხლაძისა და ტელეოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმიდან 4 თვის თავზე არავინ დასჯილა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი ამ დრომდე დუმს.
ეს არის ფასი, რომელსაც ყველა ოლიგარქიული რეჟიმის მსახური გადაიხდის იმისთვის, რასაც აკეთებს, ან არ აკეთებს. კარლო კაციტაძის პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, იგივეა, რაც იმ ადამიანების, ვინც მე და ჩემს ოპერატორს თავს დაგვესხა. ერთი თავს დაგვესხა, მეორე კი არ თვლის საჭიროდ, რომ ეს ადამიანები დასაჯოს.
ჩემთვის მტკივნეულია, როდესაც ქუჩაში დავდივარ და მეუბნებიან, რომ შენზე თავდამსხმელი მაგალითად სანაყინეში ვნახე, მეორე ქუჩაში შემხვდა. ამ დროს კი კარლო კაციტაძე მშვიდად აგრძელებს მუშაობას და ხელფასის აღებას. ვფიქრობ, რომ დღეიდან ასე აღარ იქნება". - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:
- შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
- მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
- კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
- გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინებათ და ბრიტანეთის საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ.