ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

11.04.25 19:12
ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ ცნობილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვიდან ხდება.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელა.

"ეს საქმე წავა სასამართლოში, რადგან ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე" - აღნიშნავს ნინო ზაუტაშვილი.

40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პატარა წყვეტა მქონდა. ზუსტად ორი წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაელოვნამ და თამარ შუბლაძემ თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ, უნდა გაგიშვათო. ნამდვილად არაფერი მეთქმის. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში, რადგან ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამიშვეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის გაუცნია. არ ვიცი, რა გითხრათ. ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები, რომ არც მიკვირს, არც მწყინს." - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ჩიქოვანმა თავად დაუდასტურა.

მისივე თქმით, მას დღეს შეხვდა არხის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ტელევიზიიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა.

ცნობისთვის, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.