"ქართველი ხალხის ტელევიზიაში ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკურ გავლენებს ატარებს" - ჩიქოვანის პირველი კომენტარი
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი "ტვ პირველის" ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს - ჟურნალისტი აცხადებს, რომ სამსახურიდან გაშვების შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო შეხვედრაზე აცნობა, რომელსაც პირველი არხის იურისტი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საინფორმაციოს უფროსიც ესწრებოდნენ.
"ბერძენიშვილმა მითხრა, რომ შიდა მოკვლევის ვადა სრულდება დღე-დღეზე, მოკვლევაზე დაყრდნობით კი დღეს დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემთან თანამშრომლობა გაეწყვიტათ" - ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ რჩება ძველ პოზიციაზე და კვლავ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს არ ეკუთვნის, რადგან "ქართველი ხალხის ტელევიზიაში ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკურ გავლენებს ატარებს".
დაახლოებით 1 საათის წინ დამიკავშირდა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მითხრა, რომ გენერალურ დირექტორს 7-ის ნახევარზე უნდოდა ჩემთან შეხვედრა. გაიმართა ეს შეხვედრა. გენერალური დირექტორი, არხის იურისტი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საინფორმაციოს უფროსი იმყოფებოდნენ ამ შეხვედრაზე. მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი საუბრობდა. მან მითხრა, რომ შიდა მოკვლევის ვადა სრულდება დღე-დღეზე, მოკვლევაზე დაყრდნობით კი დღეს დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემთან თანამშრომლობა გაეწყვიტათ.
ამ შეხვედრაზე დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. ოფიციალური წერილობითი ცნობა უნდა ჩამბარდეს იურიდიული სამსახურის მხრიდან. შესაბამისად, იქ იქნება სამართლებრივად განმარტებული, კონკრეტულად რაიმეს მიაკვლიეს თუ არა. მანამდე ის სამარცხვინო შეხვედრა გაიმართა სამეურვეო საბჭოში. საკვლევმა ობიექტმა, რომელმაც მოგვიკვლია ჩვენ, ამ დოკუმენტში თურმე ჩვენი განცხადებები უსაფუძვლოა და ვეწევით საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას. გენერალურმა დირექტორმა მითხრა, რომ სავარაუდოდ, ჩემთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ ამ შედეგს მე დღეს ვიგებდე. რა საკვირველია, მეც მქონდა ასეთი მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ასე დასრულდებოდა.
აქ უფრო მნიშვნელოვანი არის არა ჩვენი გაშვება, არამედ ის თუ რას აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც პირდაპირ ევალება კანონით, რომ ემსახურებოდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის საუკეთესო ინტერესს. ჩვენ თუ შევხედავთ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყველა დავრწმუნდებით, რომ იგი საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება. მე ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკი, სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საქართველოს მოქალაქეების გამოწვევებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკურ გავლენებს ატარებს ქართველი ხალხის ტელევიზიაში ვასილ მაღლაფერიძე". - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ეთერიდან მოხსნის შემდეგ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდანაც გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ჩიქოვანმა თავად დაუდასტურა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილიც გაათავისუფლეს. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელა.
ცნობისთვის, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.