ტრაგედია ავჭალაში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

13.04.25 12:34
ტრაგედია ავჭალაში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ავჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას თბილისის მერია სპეციალური განცხადებით ეხმიანება. უწყება ადასტურებს, რომ კორპუსი, სადაც მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა, ავარიულია და მობინადრეთა ნაწილი ქირით არის გაყვანილი. მათივე ცნობით, მოსახლეობის ნაწილმა ქირით გადაყვანის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

კალაძის უწყება აცხადებს, რომ მზადაა, კორპუსი ჩაანაცვლოს, თუმცა ამისთვის თანხმობა მოსახლეობის 100%-მა უნდა განაცხადოს. 

გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ,ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიდბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.

ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.

უსაფრთხოების მიზნით,  გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყონებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე. 

თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის  საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის მოზარდ ჩავარდა და  გარდაიცვალა.