"გვპირდებიან გასახლებას, მოხედვას, მაგრამ პატრონი არავინაა" - ლიბანის ქუჩის მცხოვრებლები მერიას სიცრუეში ამხელენ
ლიბანის ქუჩის მცხოვრებლები, სადაც კორპუსის ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა, მერიის განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მთავრობისგან ყურადღებას და რეაგირებას ითხოვდნენ, მერიასთან აქციებსაც მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ე.წ. ტიტანიკის კორპუსის მცხოვრებლები "პირველებს" ეუბნებიან, რომ კორპუსში მათ ცხოვრება სახიფათოა.
პირველ სართულზე ნაკადულები ამოდიოდა და ისე გამოდიოდა სადარბაზოდან. ყოველ წელიწადს მივმართავთ მერიას. ამ წუთში გვეუბნებიან, ზოგს გადაკეთება უნდოდა კორპუსის და არქიტექტურის სამსახურშიაო. რით ვერ დააყენეს საშველი. გვპირდებიან გასახლებას, მოხედვას, პატრონობას, მაგრამ პატრონი არავინაა, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
როგორ არ არის სახიფათო, ცხოვრობდა 10 ოჯახი და დარჩენილი ვართ 33 ოჯახი. მხოლოდ დაპირებებია, მეტი არაფერი. წინ გადადგმული ნაბიჯი არაფერი რეალური არ ჩანს. მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, რომ ასეთი უბედურება დატრიალდა, - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე გუშინ კორპუსში დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს.
ალბათ მე-9 სართულზე იყვნენ. იქ ისეთი ამბები ხდება, ალბათ ბავშვმა ვერც დაინახა, ალბათ ფანერა ეგონა, დაადგა ფეხი და ჩავარდა. სანამ იაშვილის კლინიკაში მიიყვანეს, თურმე ეხევეწებოდა ექიმებს, გადავრჩებიო?! ასე როგორ შეიძლება, ამხელა ცოდვა ადევთ ადამიანების, - ამბობს მოქალაქე.
ამ ფონზე კალაძის უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. თბილისის მერია თავის მართლების რეჟიმშია. თბილისის მერია ადასტურებს, რომ კორპუსი, სადაც მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა, ავარიულია და მობინადრეთა ნაწილი ქირით არის გაყვანილი. მათივე მტკიცებით, მოსახლეობის ნაწილმა ქირით გადაყვანის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.