გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

15.04.25 16:16
გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურორის განმარტებით, გივი თარგამაძემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც გულისხმობს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. ამასთან, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეც, რადგან თარგამაძის მხრიდან „ხშირად ფიქსირდება საზღვრის კვეთა და მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ“. მისვე თქმით, თავისუფლების აღკვეთის შიში შესაძლოა, იყოს მიმალვის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გივი თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საფუძველს მოკლებულია, რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, გივი თარგამაძეს საზღვრის აქტიური კვეთა საერთოდ არ აქვს, რადგანაც 2012 წლიდან საქართველოდან სულ რამდენჯერმე გავიდა, ამიტომ გივი თარგამაძეს მიმალვის მოტივაცია არ გააჩნია. 

თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, გივი თარგამაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს. მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები